EGI პოლიტიკური კომპასი
EGI Political Compass
EGI პოლიტიკური კომპასი - EGI Political Compass

რა არის EGI კომპასი?

EGI კომპასი არის პოლიტიკური ტესტი. ამ ტესტის მთავარი მიზანი არის შენი დამოკიდებულების შეფასება ხუთ საბაზისო თემასთან მიმართებაში და, ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით, შენი ადგილის დადგენა პოლიტიკურ კომპასზე. ტესტის ფარგლებში ჩვენ შემოგთავაზებთ დებულებებს, რომელთადმი შენი დამოკიდებულება უნდა დააფიქსირო 5 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მეშვეობით: სრულიად ვეთანხმები-დან კატეგორიულად ვეწინააღმდეგები-მდე. თითოეული პასუხი ოდნავ ცვლის ტესტის შედეგს. უპასუხე გულწრფელად - ჩვენ არ ვინახავთ შენს შესახებ ინფორმაციას.

სულ ტესტი შეიცავს 39 შეკითხვას.

რა თემებზეა საუბარი?

ჩვენ ავარჩიეთ ხუთი ძირითადი თემა და ვეცდებით ამ თემებისადმი შენი დამოკიდებულება შევაფასოთ - ეკონომიკური, საგარეო, სამოქალაქო, საზოგადოებრივი და სოციალური პოლიტიკა. ყველა თემას გააჩნია ორი უკიდურესობა. ყველა თემა და მათი უკიდურესი გამოვლინება:

გეგმიური (ეკონომიკა)
რაც უფრო მაღალია თანასწორობის პარამეტრი, მით უფრო მეტად გჯერა, რომ ეკონომიკის მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა. როგორც წესი, შენ მხარს უჭერ პროგრესულ გადასახადს, დიდ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებსა და ზოგადად, სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას.

საბაზრო (ეკონომიკა)
ბაზრის მხარდამჭერები, როგორც წესი, სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას უჭერენ მხარს. ისინი ემხრობიან დაბალ გადასახადებს, პრივატიზაციას, დერეგულაციასა და ზოგადად, კაპიტალისტურ მოდელს, რომელშიც სახელმწიფოს როლი შეზღუდულია.

ანტიდასავლური (საგარეო)
ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანები ეწინააღმდებიან ან არარეალურად მიაჩნიათ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ უბლოკო სტატუსს, პროტექციონისტურ პოლიტიკასა და რუსეთთან პარტნიორობას.

პროდასავლური (საგარეო)
პროდასავლური ადამიანები საქართველოს მომავალს ხედავენ დიდ, ევროპულ ოჯახში. ისინი ემხრობიან საქართველოს ევროინტეგრაციას, ხოლო უსაფრთოხებისა და განვითარების აუცილებელ პირობად “NATO - ში“ გაწევრიანებას თვლიან.

თავისუფლება (სამოქალაქო)
სამოქალაქო თავისუფლების მხარდამჭერები თვლიან, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები სახელმწიფომ არავითარი საბაბით არ უნდა შეზღუდოს, ხოლო „უსაფრთხოების“ არგუმენტი პირად ცხოვრებაში ჩარევის, ცენზურის თუ სხვა ხერხების გამოსაყენებლად, არის საშიში ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა შეეგუოს.

კონტროლი (სამოქალაქო)
კონტროლის ქომაგებს სჯერათ ხელისუფლების ხელში კონცენტრირებული მაქსიმალური ძალაუფლების. ისინი თვლიან, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხელისუფლებას ჰქონდეს ძლიერი ხელი. მათთვის პირადი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც წესრიგი.

ტრადიცია (საზოგადოებრივი)
ტრადიციების ქომაგები ძალიან ფრთხილად, ხშირ შემთხვევაში კი უარყოფითად უყურებენ ნებისმიერ სიახლეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათთვის ტრადიცია და რელიგია არანაკლებ( ხშირ შემთხვევაში კი მეტად) მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ისინი პროტექციონისტურ პოლიტიკას ემხრობიან, ხოლო სტატუს კვოს ცვლილებას მხოლოდ ტრადიციების გაღრმავების შემთხვევაში უჭერენ მხარს.

პროგრესი (საზოგადოებრივი)
პროგრესის ქომაგებს სჯერათ ცვლილებისა და რაციონალურობის. ისინი თვლიან, რომ თანამედროვე სამყაროში წინსვლისთვის აუცილებელია სიახლეებთან სწრაფი ადაპტირება, ინოვაციურობა და მოქნილობა. მათ არ მოსწონთ ცრურწმენები და ტრადიციული შეხედულებები, რომლებიც აფერხებენ პროგრესს.

სოლიდარობა (სოციალური)
ამ ადამიანებს სჯერათ, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ისტორიულად წარმოქმნილი უთანასწორობა შეიცვალოს. ისინი ემხრობიან პოზიტიურ დისკრიმინაციას გენდერული, რასობრივი, სექსუალური თუ სხვა ტიპის დისბალანსების აღმოსაფხვრელად. ეს შეიძლება მოიცავდეს გენდერულ ან სხვაგვარ კვოტირებას საკანონმდებლო ორგანოებში და ა.შ.

ბუნებრივი გადარჩევა (სოციალური)
ამ ადამიანებს სჯერათ, რომ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის დისბალანსისა და უთანასწორობის შეფასება ან აღმოფხვრა. ისინი თვლიან, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ გააჩნია ამის უნარი და უფლება. ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ განვითარებასა და თვითრეალიზებაზე, არ დააჩაგრინოს სხვას თავი და დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში. კონკურენცია არის უმთავრესი პრინციპი და სახელმწიფო მას არ უნდა შეეხოს ზოგიერთი ჯგუფისადმი „სოლიდარობის გამო“.

აქამდე ხომ გავაკეთე ეს ტესტი?

შესაძლოა, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით, შენ გააკეთე EGI პოლიტიკური კომპასის ძველი ვერსია. ახალი ვერსია გაცილებით უკეთესია: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დახმარებით ჩვენ სრულიად განვაახლეთ კითხვები, გადავამუშავეთ ალგორითმი, რომელიც უსადაგებდა კითხვებს შედეგს, განვაახლეთ დიზაინი, გავხადეთ კომპასი ტელეფონისთვის მეგობრული (ტელეფონით მისი შევსება გაცილებით კომფორტული გახდა) და ზოგადად, დავამატეთ პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან საჭირო ფუნქციები. თუკი შენ მაინც უკვე გააკეთე ეს ტესტი... ყოველთვის საინტერესოა შეადარო საკუთარი შედეგი ადრინდელს - იქნება კომპასმა ოდნავ განსხვავებული მიმართულება გაჩვენოს? ტესტის ძველი, ვერსია 1.0 ხელმისაწვდომია ამ ბმულზე დაჭერით.

რას ნიშნავს „ყველაზე ახლოს დგახარ“ შედეგების გვერდის ქვემოთ?

ეს ტესტი ცდილობს მიახლოებით დაასკვნას, თუ რომელი იდეოლოგიის დებულებები დგას შენს პოზიციასთან ყველაზე ახლოს. მადლობა და ისიამოვნეთ!

ძველი ვერსია სად წაიღეთ?

შევინახეთ - ახალი გაცილებით ჯობია ძველსას, მაგრამ თუ მაინცდამაინც ძველ ვერსიას ეძებ აქ შევინახეთ - https://compass.egi.ge/old/

არ ვარ მე... იმნაირი!

ჰმმმ... თუ გაქვს შეკითხვები, ან თვლი, რომ შეიძლება ჯობდეს ტესტში რამის შეცვლა, შეგიძლია მოგვწერო info@egi.ge-ზე, ან ჩაეწერო სამოქალაქო ქმედების სკოლაში და უკეთ გაერკვე საკუთარ თავში.

პოლიტიკური კომპასის ტესტი შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ.

პოლიტიკური კომპასის ტესტი შექმნილია ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ.
ტესტის თავდაპირველი ვერსია ეფუძნებოდა 8values ტესტს, რომელიც ვრცელდებოდა MIT ლიცენზიით.
EGI პოლიტიკური კომპასი, ვერსია 2.0